17, ივნისი 2019 20:33:00
პედაგოგები აჭარიდან, რომლებიც ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მოპოვებისთვის იბრძვიან. მაია მენაბდე და ინგა მოსიძე საუკეთესო ათეულში არიან. რა დამსახურების გამო შეაჩერა სპეციალურმა ჟიურიმ მათზე არჩევანი და როგორ იბრძვიან მასწავლებლები ტიტულის მოსაპოვებლად
14 წელია მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მაია მენაბდე პროექტის ,,მასწავლებელი მეგზური ევროკავშირისკენ“ პირველი ადგილის მფლობელია. გარდა ამისა პედაგოგი ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსანტების ათეულში მოხვდა. მონაწილეობის მიღება მოსწავლეებმა და მეგობრებმა ურჩიეს.
კონკურსის კიდევ ერთი მონაწილე ინგა მოსიძეა. პედაგოგი 20 წელია სალიბაურის #1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებასა და ისტორიას ასწავლის. ამბობს, რომ სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების გამო აირჩიეს.
წელს მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 პედაგოგი ჩაერთო. საუკეთესო ათეული სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. სალიბაურის #1-ი საჯარო სკოლის დირექტორისთვის ინგა მოსიძის წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა.
საუკეთესო ათეულიდან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება. გარდა ამისა, გამარჯვებულს ფულადი პრიზიც გადაეცემა.